ქარელის რაიონ სოფელ დვანში არსებული კოოპერატივი "ხილის გადამუშავება", რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა წვენისგან დამზადებულ ქართულ სნექს სთავაზობს, წარმოების გაზრდას გეგმავს - ამის შესახებ კოოპერატივის თავმჯდომარემ იური კოპაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.
"ჩვენს პატარა ქარხანაში დღეში 500-მდე ქართულ სნექს ვამზადებთ, თუმცა ვაპირებთ მუშახელის რაოდენობის გაზრდას და ამ რიცხვს გავაორმაგებთ. ძალიან მალე, საშუალება გვექნება დღეში 1000 სნექი ვაწარმოოთ და თვიური წარმადობა 30 000 ერთეულამდე გავზარდოთ, ამასთან, ვაწარმოებთ წვენებსა და ჯემებს, თუმცა შეკვეთებს ვერ ვუშვებთ, რადგან არ გვაქვს დანადგარები. სწორედ ამიტომ გვინდა ქარხნის გაფართოება", - დასძინა თავმჯდომარემ.
ამასთან, საწარმო სუპერმარკეტების ქსელებთან თანამშრომლობასაც იწყებს და აპირებს პროდუქტი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
"გუდვილმა" და "სმარტმა" უკვე გამოიჩინეს ინიციატივა და ჩვენი პროდუქცია უკვე განთავსებულია მათ მაღაზიებში. გვინდა სხვადასხვა ქსელებთანაც ვითანამშრომლოთ და მათგან ველოდებით პასუხებს. ჩვენ უკვე გვაქვს მარაგში 8000 ქართული სნექი გამზადებული. გვინდა პროდუქტი პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს ხალხისთვის", - განმარტა მან.
ინფორმაციისთვის: კომპანიაში დასაქმებულია 30-მდე ადამიანი და აქედან 90% ქალია. კომპანია 10 წელი ექსპერიმენტული წარმოებით იყო დაკავებულები.