მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის სახლის მშენებლობა გაძვირდა - რა არის კვ.მ-ს ფასი?

დიდოსტატი

ხის სახლის მშენებლობის საშუალო ღირებულება გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და ამჟამად კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ₾1 500-ს შეადგენს. ამის შესახებ კომპანია „დიდოსტატის“ დამფუძნებელმა თინათინ სამყურაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მიუხედავად გაძვირებისა, კერძო სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა შენარჩუნებულია.

„ფასების ზრდა ნამდვილად შეინიშნება. წინა წელთან შედარებით, ხის სახლების მშენებლობის შემთხვევაში, კვადრატულის ღირებულება დაახლოებით ₾1 300 იყო, ამ ეტაპზე კი საშუალოდ ₾1 500-ია. ტენდენცია ზრდისკენ ნამდვილად არის, მაგრამ ამის მიუხედავად, დამკვეთები მშენებლობას მაინც აგრძელებენ და მოთხოვნაც მზარდია. გარკვეული პერიოდის წინ ხის სახლების მიმართულებით თითქოს ბუმის პერიოდი იყო, მაგრამ ახლა ბაზარი დასტაბილურდა. ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა არც განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება, ბაზარზე სტაბილურობაა“, - განაცხადა თინათინ სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, მშენებლობის საბოლოო ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სახლის ფართობზე, მდებარეობასა და სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების ხარჯებზე. მაღალმთიან რეგიონებში მშენებლობისას დამატებით გასათვალისწინებელია თანამშრომლების საცხოვრებლისა და სხვა საორგანიზაციო ხარჯებიც.

სამყურაშვილის განმარტებით, ტურისტული დანიშნულებისთვის ყველაზე მოთხოვნადია 35-40 კვადრატული მეტრის სახლები, რომლებიც, როგორც წესი, ერთ საძინებელს მოიცავს. სააგარაკე სახლების შემთხვევაში კი შედარებით პოპულარულია დაახლოებით 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ობიექტები, რომელთა ღირებულება ამჟამად ₾80 000-90 000-ის ფარგლებშია.

„თბილისისა და მცხეთის მიმდებარედ ხის სახლის მშენებლობის ღირებულება ვერ გაუტოლდება სვანეთის, ყაზბეგისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონების ფასს. ასეთ ადგილებში ტრანსპორტირების ხარჯებს თანამშრომლების საცხოვრებლით უზრუნველყოფის დანახარჯებიც ემატება. შესაბამისად, მშენებლობის ზუსტი ღირებულების წინასწარ განსაზღვრა რთულია და საბოლოო ბიუჯეტი სახლის ზომასა და მდებარეობაზეც არის დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.

„დიდოსტატის“ დამფუძნებლის დაკვირვებით, მოთხოვნა თანაბრად შეინიშნება როგორც თბილისის შემოგარენში, ისე მაღალმთიან რეგიონებში, სადაც სახლების მშენებლობა ძირითადად ტურისტულ მიზნებს უკავშირდება. როგორც ის ამბობს, დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიებიდან აქტიურობით გამოირჩევა მცხეთის მიმართულებაც.

„შედარებით უფრო დაბალია მიწის ღირებულება მცხეთის მიმდებარედ - ნატახტარში, წილკანსა და ბულაჩაურში, შესაბამისად, ამ ეტაპზე თითქოს აქტივობა მცხეთის მიმართულებით გადავიდა. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში იქაც მიწის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. სადაც იზრდება ინტერესი, ფასებიც მატულობს“, - განაცხადა თინათინ სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებლების დამოკიდებულებაც შეიცვალა: ხის სახლები მხოლოდ დასასვენებელ კოტეჯებად აღარ განიხილება და დამკვეთები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ისეთი სახლების აშენებას, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ცხოვრებას. ამასთან, გაიზარდა ყურადღება არქიტექტურის, მასალების ხარისხისა და თბოიზოლაციის მიმართ.

თინათინ სამყურაშვილის განმარტებით, სათანადო თბოიზოლაცია სახლის შიგნით ტემპერატურის შენარჩუნებას ამარტივებს, ზაფხულში კი სივრცის უფრო სწრაფად გაგრილებას უწყობს ხელს, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები