მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმა მივეცი ქალაქების და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

"ხმა მივეცი იმ ქალაქების და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, თბილისელებმა და სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა თავისუფალ, ევროპულ არჩევანს, იზოლაცია გაუკეთა ქვეყანას და შეიყვანა საკმაოდ სერიოზულ კრიზისში, კორუფციის ჭაობში, კრიმინალურ ჭაობში და ა.შ.. ამიტომ დღეს ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს" ლიდერმა არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლო მეთოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაყალბებას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი უნდა დაუპირისპირდეს.

"იმის მოლოდინი, რომ ამ მეთოდებს შეცვლის ის ძალა, რომელიც აყალბებს და აყალბებდა არჩევნებს, არის ფუჭი მოლოდინი. ამიტომ ამის ერთადერთი საწინააღმდეგო არის ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობა. იცით, რომ გაყალბება ყოველთვის ხდებოდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერს აქვს ლიმიტი, თუ ამომრჩეველი გამოდის აქტიურად არჩევნებზე, ეს არის გარანტია იმისა, რაც მოხდა 2012-ში, 2003-ში და იმ წლებში, როცა ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ აქტიურობისკენ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუქარანარევი განცხადებები, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ჟღერდება, "პასუხგაუცემელი არ დარჩება".

"მინდა ყველა გავაფრთხილო, პირველ რიგში, ე.წ. ხელისუფლება, რომ თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს არავის. მათი მუქარა არ დარჩება პასუხგაუცემელი. კიდევ ვიმეორებ - არ მჯერა რაღაც კრებით ხელისუფლების გადაცემის, ეს მე მკაფიოდ ვთქვი. ყველამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არ ეხება გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც 300 დღეზე მეტი აპროტესტებენ ამ მდგომარეობას. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ. არჩევნები იქნება, ქუჩაში დემონსტრაცია თუ რაღაც კრების ჩატარება", - განაცხადა "ლელოს" დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები