24 დეკემბრის ღამეს ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი Урса Майор ჩაიძირა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მას სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და კარტახენას პორტში გადაიყვანეს, ორი კი დაკარგულად ითვლება.
ინფორმაციას უცხოური მედია ესპანეთის სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. გემი მოსკოვის დროით 2 საათსა და 22 წუთზე, ესპანეთის ქალაქ აგილასისა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის, საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა. მათი ცნობით, ძრავის ოთახში აფეთქება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ესპანურმა გამოცემა Español-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გემი Урса Майор-ი ესპანეთსა და ალჟირს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა სანქტ-პეტერბურგი 12 დღის წინ დატოვა და ვლადივოსტოკის პორტისკენ გაემართა, სადაც 22 იანვარს უნდა ჩასულიყო.