მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა” - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას სიტყვა

სს

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.

"დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე.

რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები,რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი", - თქვა მოსამართლემ.

ვლადიმერ ხუჭუას თქმითვე, პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება.

"აქვე მინდა აღვნიშნო, ყველა მხარის საყურადღებოდ, მით უფრო პოლიტიკური სუბიექტების საყურადღებოდ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენისაგან, საპროცესო კანონით დადგენილი წესით. ასევე, გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.

დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება არცერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებში. როგორც მხარემ აღნიშნა, თურმე, უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი ამ საუბნო კომისიის წევრებს, რაც სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა.

შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის: პირველი ინსტანციის 24 სასამართლოდან 23-მა არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სარჩელები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დავას სააპელაციო სასამართლოებში გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები