მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხომ არ ხდება "ჯორჯიან მანგანეზის" "გასუფთავება"? - რა ეჭვები აქვთ გახარიას პარტიაში და რატომ?

ბექა ლილუაშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ჭიათურის კრიზისზე“ პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ მთავრობაა.

„ის, რომ მაღაროელები ლუკმა პურის გარეშე რჩებიან, ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, თუმცა რთულად წარმოსადგენია, „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს და პრობლემას გაუმკლავდეს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რომლის მთავარი თემა მაღაროელების პროტესტი იყო.

აღსანიშნავია, რომ 24 მარტიდან, მაღაროელების პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა. 3500-ზე მეტი დასაქმებულის მთავარი მოთხოვნა კუთვნილი სამი თვის სახელფასო დავალიანების დარიცხვა, მაღაროების მართვიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლა და კომპანიის მართვაში სახელმწიფოს შესვლაა. მაღაროელებმა პირველი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს, მაგრამ ირაკლი კობახიძე მის სამსახურთან მისულ ჭიათურელებს არ შეხვედრია.

ბექა ლილუაშვილისთვის მაღაროელების მოთხოვნა - კერძოდ, ჭიათურის მაღაროების მართვიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლა და მართვაში სახელმწიფოს შესვლა - გარკვეულწილად გაუგებარია, რადგან 2017 წელს კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც 2023 წელს ორი წლით, 2025 წლის მაისამდე გახანგრძლივდა.

"ჯორჯიან მანგანეზს" სპეციალური მმართველი ამჟამად ბესიკ კირთაძეა. „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) მართვა სპეციალური მმართველის მიერ განხორციელდეს ერთპიროვნულად, დამოუკიდებლად და ყველა იმ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებულია დირექტორის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების ხელმძღვანელობით და მმართველობით კომპეტენციად“, - აღნიშნულია ბიზნესრეესტრში.

„ჩემთვის ცოტა უცნაურია მაღაროელების მოთხოვნა, რადგან 2017 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზს“ ისედაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული დროებითი სპცემმართველი მართავს. შეგახსენებთ, სპეცმმართველი სახელმწიფომ იმიტომ დანიშნა, რომ კომპანია უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, უკიდურესად აბინძურებდა გარემოს, რითაც ზიანი მიადგა ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობას;

მესმის ამ ადამიანების იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს მათი და მათი ოჯახების ყოველთვიური შემოსავლები დამოკიდებულია ამ საწარმოს საქმიანობაზე. ისინი ძალიან დიდი სოციალური პრობლემების წინაშე არიან; თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან თავის დროზე „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფოს მიერ სპეცმმართველი სწორედ არამხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარების მიზნით დაინიშნა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან გაიხსენა 2024 წლის იანვარში, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის მიერ გენერალური პროკურატურისადმი მიმართვა, დაწყებულიყო გამოძიება, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცმმართველის საქმიანობას შეისწავლიდა.

„არსებობდა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი სპეცმმართველის არაეფექტიან მართვაზე, რითაც ილახება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესი, რადგან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციული გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას“, - აცხადებდნენ მაშინ პარტიის ლიდერები.

ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ გახარიას პარტიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება არ დაიწყო, რაც გონივრულ ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

„უკვე 8 წელია „ჯორჯიან მანგანეზს“ ჰყავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იმიტომ დაინიშნა, რომ მომხდარიყო საწარმოს მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება, სოციალური ვალდებულებები შეესრულებინა და ასევე, კომპანიის საქმიანობა უფრო ეფექტიანი და მომგებიანი გამხდარიყო; თუმცა ფაქტია, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა და 3500-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ დგას. სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომ შეესწავლა სპეცმმართველის საქმიანობა და მიგვეღო პასუხი მთავარ კითხვაზე - როგორ და რატომ მივედით ამ მოცემულობამდე“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი და ხაზს უსვამს იმას, რომ სპეცმმართველის საქმიანობის ანგარიშები საჯარო არაა.

მართალია, გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ 3500 ჭიათურელი მაღაროელის წინაშე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე სახელმწიფოა, რადგან 2017 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზს“ სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეცმმართველი მართავს, მაგრამ ეეჭვებათ, რომ „ოცნების“ მთავრობა პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

"სპეცმმართველის საქმიანობაში იკვეთება კონკრეტული ნიშნები, სავარაუდოდ, კორუფციული ქმედებების. მთელმა ჭიათურამ იცის, რა ხდება სინამდვილეში ამ საწარმოში. ვინ არის ის მინიოლიგარქი, ვინც პერსონალურ სარგებელს იღებს „ჯორჯიან მანგანეზიდან“...

არ მინდა, კონსპირაციული თეორიების განვითარება, მაგრამ ბევრი კითხვაა, რომელზედაც პასუხები არ გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოვითხოვდით სპეცმმართველის საქმიანობის შესწავლა, იყო ის, რომ გვაინტერესებდა, როგორ და რატომ აღმოჩნდა ლიცენზიატი კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] აქტივები / კომპანიები ახალი სუბიექტის ანუ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ქვეშ, რომელმაც როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის სასამართლოს გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით მიმართა... სავარაუდოდ, ეს კომპანია წავა გაკოტრების გზით. შეიძლება, ჩაფიქრებული იყოს არსებული ინვესტორის [„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტი უკრაინელ მილიარდერს, იგორ კალომოისკის ეკუთვნის] უფლებების არასამართლიანად შეზღუდვა. ჩანაფიქრს ვერ გაიგებთ, რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ეს სპეცოპერაცია...

ხომ არ ხდება „ჯორჯიან მანგანეზის“ „გასუფთავება“ და ხომ არ ამზადებენ სხვა მანიპულციებისთვის. რატომ მაქვს ასეთი ეჭვები?! მთელი ეს პრობლემები, რაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზშია“, დაგროვდა სახელმწიფოს სპეცმმართველის პირობებში ანუ სახელმწიფო სრულად ინფორმირებული იყო ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, მაგრამ დღეს სირაქლემას პოზიციაში არიან, თითქოს პრობლემები მათთან კავშირში არაა და ყველა ცხელი საგანივით იშორებს ამ საკითხს.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლებას, რომელიც ფაქტობრივად იზოლირებულია, არ აქვს შესაძლებლობა, დასავლური ინვესტიცია მოიზიდოს და ესაუბროს აშშ-ის ადმინისტრაციას ამერიკული ბაზრის ათვისებაზე. „ოცნების“ მთავრობის ქმედებების არეალი ძალიან შეზღუდულია. არ გამოვრიცხავ, სანქციების პროცესის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციოდ რაღაც ინსტრუმენტებს ეძებდეს. არაფერია გამორიცხული“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები