მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხომ არ შეუშლის ხელს "ინტერ რაოს" სანქცირება "თელასს" ინვესტიციების ჩადებაში?|სემეკის პასუხი BMG-ს

სემეკი და თელასი

[“ინტერ რაოს” სანქცირება] “თელასის საქმიანობის შეფერხებას არ გამოიწვევს” - ასე უპასუხეს საქართველოს ენერგეტიკის და წყალომარაგების მარეგულირებელ კომისიაში BMG-ის კითხვას: ხომ არ შეუშლის ხელს “ინტერ რაოს” სანქცირება “თელასს” საქართველოს ენერგოსისტემაში ინვესტიციების განხორციელებაში?

საქმე ის არის, რომ “თელასმა” მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციაში 400 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. უშუალოდ მიმდინარე წელს კი, კომპანიას 74 მლნ ლარის ინვესტირება აქვს დაგეგმილი და ამ თანხაში არ შედის ახალი მომხმარებლების მიერთება.

ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao "თელასის ჯგუფის” 75.47%-ის მფლობელია, კომპანიის 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილი ენერგეტიკული პროექტების/ინვესტიციების განხორციელებისას ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა მასალების და ტექნიკის საზღვარგარეთიდან იმპორტი, რაც უცხოურ ვალუტაში (დოლარსა თუ ევროში) ანგარიშსწორებას მოითხოვს, დავინტერესდით, ხომ არ შეაფერხებს საბოლოო მფლობელი კომპანიის სანქცირება “თელასის” ინვესტიციებს საქართველოში.

“თელასს” როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი კომუნალური სერვისის მიმწოდებელ კომპანიას, საშუალება ექნება, მასალები და მოწყობილობები შეიძინოს ადგილზე, ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებით. შესაბამისად, ეს კომპანიის საქმიანობის შეფერხებას არ გამოიწვევს”, - უთხრეს BMG-ის სემეკში, რაც თავის მხრივ, “თელასშიც” დაგვიდასტურეს.

შეგახსენებთ, “ინტერ რაოს” სანქცირების შესაძლო გავლენაზე “თელასის” საქმიანობაზე, გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ამბობს, რომ ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე, რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად.

ევროკავშირის მიერ Inter Rao-ს სანქცირების ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვრცელი სამართლებრივი განმარტება არც კომპანია “თელასში” გაუკეთებიათ და არც - ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგში.

BMG-მ კითხვებით მთავრობის ადმინისტრაციას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალას განვაახლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები