ხონში, აკვაკულტურის მიმართულებით 2 მლნ აშშ დოლარის ნიდერლანდური პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ბიზნესმა ფუნქციონირება 1 თვეა რაც დაიწყო - ამის შესახებ, ფოთის მერმა, bm.ge-სთან ისაუბრა.
ლადო ჯურხაძის თქმით, პროექტი სრულიად ახალი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტისთვის, რაც კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია.
"ჩვენ შემოვიყვანეთ სრულიად ახალი მიმართულება. ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეს არის აკვაკულტურა, რომელიც უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოა რომელიც ერთი თვის წინ გავხსენით, სადაც აღნიშნული საწარმოს მესვეურებს ჩამოჰყავთ უცხოელი სპეციალისტები. აკვაკულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ტარდება ტრენინგები და აცნობენ სფეროს ნოვაციებს. ამ კუთხით, ხონმა მიიღო ბიზნესის ახალი მიმართულება. დღეს, ხონში აკვაკულტურით დაინტერესებული ბევრი ბევრი ადამიანი ჩამოდის, მაშინ, როცა სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩვენს მუნიციპალიტეტში აკვაკულტურის ხსენებაც კი არ იყო.
ეს არის ის, საითკენაც მიგვყავს ჩვენი მუნიციპალიტეტი და ეს არის ის რაც გვინდა რომ მიმართულებებად გავაძლიეროთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლების და კერძო ინვესტიციის ერთ-ერთ საუკეთესო ქეისად განიხილება.
ჩვენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც არის ხელოვნური ტბა, რომელიც მთის მდინარეებით იკვებება. სწორედ ეს იყო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აქ შესაბამისი კვლევების და წყლის ანალიზების მერე, პროექტი რომ განვითარებულიყო, უნდა მომხდარიყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საუბარია 3 კმ. გზაზე, რაც ბოლომდე მოვაწყვეთ. ამ ეტაპისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2 მლნ დოლარია", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ bm.ge-სთან.