ხონში, მერთან არსებული ინვესტორთა საბჭო შეიქმნა - ამის შესახებ BMG-ის ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიზანი ხონის და ზოგადად იმერეთის რეგიონის საინვესტიციო და ბიზნესპოტენციალის გამოვლენაა. ჯურხაძე ამბობს, რომ საბჭოს შემადგენლობაში არიან ხონელი ბიზნესმენები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპაშიც საქმიანობენ.
"ჩვენ, იმისთვის, რომ PPP (public-private-partnership) პლატფორმა უფრო ეფექტური გავხადოთ, შევქმენით მერთან არსებული ინვესტორთა საბჭო, რომლის აქტორებიც ძირითადად არიან წარმატებული ბიზნესმენები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც ოპერირებენ. მათ შორის, ევროპაში. ჩვენ შევკარით ეს წრე, რომლითაც ვსწავლობთ ჩვენი რაიონის ბიზნესს პოტენციალს და შემდეგ, უკვე მათთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში ვაწყობთ კონფერენციებს, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი იმერეთის რეგიონის ბიზნესს პოტენციალზე ვსაუბრობთ ინვესტორებთან ერთად. ამას, გარკვეული შედეგები უკვე აქვს", - თქვა მერმა BM.GE-სთან.