"[ხორცის დეფიციტის] პრობლემა დღითი დღე გაიზრდება, თუ რაიმე ნაბიჯები არ გადაიდგა" - ამის შესახებ ფერმერმა და "აგროქიზიყის" დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მესაქონლეობის და ხორცის სექტორში არსებულ გამოწვევებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ისაუბრეს, რომელსაც მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ მესაქონლე ფერმერები, ხორცის იმპორტიორები და რეალიზატორები.
“ვფიქრობ, მომავალშიც საჭირო იქნება და უნდა გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები. ამჯერად რაღაც განსაკუთრებულ შედეგზე არ გვისაუბრია. უფრო მოსმენა იყო სამინისტროს მხრიდან ამ პრობლემების, რაც ჩვენს სექტორშია. შეგვპირდნენ, რომ დაგვიბრუნდებიან სხვადასხვა ვარიანტებით, რა შეიძლება გაკეთდეს. ამ საკითხებზე სასწრაფოდ საჭიროა საუბარი და გამოსავლის ძიება”, - განაცხადა გონაშვილმა.
ფერმერის თქმით, სამინისტროში შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმაზე, რომ საქონელი ძვირდება, ვინაიდან მასზე დეფიციტია ქვეყანაში.
"პირუტყვის შემოყვანაც საკმაოდ პრობლემატურია, თუნდაც რუსეთიდან, რომელი იქ ვიღაცების გავლით თუ არ გააკეთე, ვერ შემოგყავს და აქედან გამომდინარე ძვირდება ეს ყველაფერი და უკვე ვეღარ აკეთებ ფერმერი გათვლებს”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქვეყანაში ხორცის დეფიციტიც სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ მოზარდი საქონელი არ არის.
"თავად ხორცის იმპორტი მზარდია, ძირითადად რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. ეს ორი ქვეყანა რომ არა, ახლა ხორცი ალბათ 60 ლარი ეღირებოდა "", - დასძინა მან.
მისივე თქმით, ამჟამად ჩასაბარებელი საქონლის ხორცის ფასი 24 ლარია. მაღაზიებში უკვე სხვა ფასია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში 715 800 აშშ დოლარის ღირებულების 175 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოიყვანეს, გასული წლის იანვარში კი 462 800 აშშ დოლარის 200 ტონა. გასულ წელს ჯამურად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტმა 16,3 მლნ აშშ დოლარი (4 580 ტონა) შეადგინა, 2024 წელს კი - 17,4 მლნ აშშ დოლარი (7 733 ტონა). სტატისტიკა ამ მხრივ იმპორტის კლების ტენდენციაზე მიანიშნებს.
რაც შეეხება თავად ხორცის იმპორტს, ეს მაჩვენებელი მზარდია. მიმდინარე წლის იანვარში ხორცის იმპორტმა 171 ტონა და 948 700 აშშ დოლარი შეადგინა, მაშნ როცა გასული წლის იანვარში მონაცემები დაახლოებით სამჯერ უფრო ნაკლები იყო - 79 ტონა და 386 800 აშშ დოლარი.




























