მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხშირად იყო შემთხვევები, რომ მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა" - სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები წესდება

სტ
BM. GE
30.10.23 20:30
110

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები, რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან, სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა“, - განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა.

თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიცემა დადებითი დასკვნა, რაც კლინიკას საქმიანობის დაწყების უფლებას მისცემს.

გარდა ამისა, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია- დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

ცვლილებების მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც - სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე - თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული დაწესებულებებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი მიმწოდებლები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები