მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის მთავრობამ "კავკასუს როუდ პროჯექტს" ანდეზიტის მოპოვების უფლება მისცა

ხულო-ზარზმის გზა

საქართველოს მთავრობამ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა და ხულოს მუნიციპალიტეტში, 42 500 მ³ ანდეზიტის მოპოვების უფლება მისცა.

მთავრობის 3 ივლისის 1065-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ მოპოვებული წიაღისეული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის შეუფერხებელი განხორციელებისთვის უნდა მოიხმაროს.

ლიცენზიის გათავისუფლებისა და წიაღისეულის მოპოვების უფლების სანაცვლოდ კი ბიუჯეტში 127 500 ლარი უნდა შეიტანოს.

„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის ანუ 30 ნოემბრიდან 2 კვირის ვადაში სააგენტოს და დეპარტამენტს მოპოვებული რესურსის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

ცნობისთვის, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, „ოცნების“ მთავრობის დაპირებით, 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. როგორც bm.ge-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, სამუშაოების გაჭიანურება ამჯერად ხულო-ზარზმის მონაკვეთზე რთულ რელიეფურ ზონაში, დამატებით განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა და კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი პირველად 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. პირველი კონტრაქტორი ამ მონაკვეთზე იტალიური კომპანია Todini იყო, რომელთანაც 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის "სინოჰიდრომ" ჩაანაცვლა. თუმცა, 2024 წლის 15 იანვარს მთავრობამ “სინოჰიდროსთან” 47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული 95-მილიონიანი ხელშეკრულებაც გაწყვიტა. ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 95,689,302 ლარს, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელს შეადგენდა. ის ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, რის გამოც, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასთან კონტრაქტი მოშალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოებს 4 კომპანია აწარმოებს: შპს კავკასუს როუდ პროჯექტი, შპს ნიუ როუდი, "სინოჰიდრო" და შპს არალი.

როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა წელს დასრულდება, მომავალ წლის ზაფხულისთვის კი ასევე მეწყრული მონაკვეთების მშენებლობა და ასფალტის საფარის დაგება დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები