მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნება | რა იგეგმება?

ბათუმი

7-8 სექტემბერს ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ივანე აბაშიძის განცხადებით, ფორუმს ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს და მის გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფორუმის გახსნის ცერემონიალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, არსენიო დომინგესი.

„მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი ეხება საქართველოს გაძლიერებულ როლს შუა დერეფნის დაკავშირებადობაში, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

„წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამართალს და წესრიგს ეხება, რამდენადაც ორგანიზაციები, ინდუსტრიის ის წარმომადგენლები, რომლებიც წლევანდელი ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ, სწორედ ის ადამიანები და ოფიციალური პირები არიან, რომლებიც ამ წესრიგს ქმნიან. შავი ზღვა, როგორც დაკავშირებადობა, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ფორუმის მთავარი საკითხებია. ვიმედოვნებთ, რომ ფორუმის მონაწილეები და სპიკერები იმ მაღალი დონის დისკუსიებს, რომლებიც ღონისძიების ფარგლებში გაიმართება, მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულებენ“, - დასძინა მან.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის თქმით, ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს საზღვაო სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.

„აღნიშნული ფორუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება. შესაბამისად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მწყობრი და თანმიმდევრული გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სექტორი, როგორ გავიმყაროთ როლი შუა დერეფნის კონტექსტში და ვიყოთ საიმედო დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები