ხვალ, 9 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. თბილისი მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 - დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6 - მდე საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვა დაწესდა ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და გზების გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
შეზღუდვის პერიოდში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.
ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე. 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით.


























