ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ.
ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირსა და აშშ-ის ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. დღის წესრიგში მითითებულია, რომ განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთშიც.
რაც შეხება საქართველოს ნაწილს, განიხილება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მიმართ განსახორციელებელ ნაბიჯებს მოიცავს. მათ შორის, დაფინანსების შეწყვეტა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მოხდება ვიზების შეჩერება დიპლომატიური პასპორტების შემთხვევაში, ასევე სამხედრო დახმარების შემცირება, შეწყდება უვიზო მიმოსვლა და შეჩერდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
18 ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.