მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, საქართველოში ინდოეთის საელჩო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს გამართავს

ინდოეთი

ხვალ, საქართველოში ინდოეთის საელჩო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს გამართავს. ამის შესახებ საელჩო იტყობინება.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, 15 აგვისტოს, საქართველოში ინდოეთის საელჩო დამოუკიდებლობას მე-80-ედ აღნიშნავს.

"ოფიციალური ცერემონია დაიწყება ინდოეთის ეროვნული სიმღერით (ვანდე მათარამი), რომელიც საუკუნენახევრის წინ, 1875 წელს დაწერა ბანკიმ ჩანდრა ჩატერჯიმ. ინდოეთის ელჩი, ამიტ კუმარ მიშრა, აღმართავს ინდოეთის ეროვნულ დროშას, და წარადგენს ინდოეთის პრეზიდენტის, დრუპადი მურმუს ეროვნულ მიმართვას.

გახსნის შემდგომ ნაწილში იგეგმება ქართველი და ინდოელი ხელოვანების მიერ ქორეოგრაფიული და მუსიკალური წარმოდგენები - მათ შორის იქნებიან ქრისტინე კაპანაძე, მაჰიკა შრინივასი (რომელიც წარმოადგენს კათაკას ცეკვას) და სტუდენტური ბენდი - რაგა გრუვი.

ასევე გაიმართება გამოფენა „ინდოეთი ქართველის თვალით“, ორგანიზაციასთან „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თანამშრომლობით, სადაც 17 ფოტოგრაფმა წარადგინა ინდოეთში გადაღებული ფოტოსურათები; გამოვლინდებიან ფოტოკონკურსის გამარჯვებული მონაწილეები. საქართველოში ინდოეთის ელჩი, ამიტ კუმარ მიშრა, მათ გადასცემს განსაკუთრებულ საჩუქარს - ბიჰარის შტატის, მითილას რეგიონის, მადჰუბანის ტრადიციულ ფერწერულ ნამუშევრებს. მადჰუბანი ხატვის ტრადიციული ტექნიკაა, რომელიც ასახავს ინდურ მითოლოგიას, ყოველდღიურ ცხოვრებას, და გადაეცემა თაობებიდან თაობაზე, დედიდან შვილზე.

ღონისძიების მიწურულს, შესრულდება რაბინდრანათ თაგორის მიერ 1911 წელს დაწერილი ინდოეთის ეროვნული ჰიმნი „ჯანა განა მანა“.

დღესასწაულის საჯარო ნაწილში, გაიმართება ფართო საზოგადოებისთვის ღია ფესტივალი „ნამასტე საქართველო“ ამავე დღეს, მზიურის პარკში, 17:00-ზე და მოიცავს როგორც ინდოელი, ისე ქართველი ქორეოგრაფების მიერ ტრადიციული ინდური ცეკვის შესრულებას, ასევე ინდური სამზარეულოს ფესტივალს არაფორმალურ გარემოში", - იტყობინება ინდოეთის საელჩო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები