ხვალიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ. შესაბამისი ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გააჟღერა.
„თუ პაციენტს გადასხმამდე უწევდა ჯერ რეცეპტისთვის მიკითხვა კლინიკაში, შემდეგ მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება, იმავე კლინიკაში მიბრუნება, ეს შეიცვალა ძირეულად და ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს. სამწუხაროდ, ამ კონკრეტული თემით არ შემოიფარგლება პაციენტთა, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა საჭიროებები და მათი უფლებების, ინტერესების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შესაძლებლობები, სივრცეები. ვაგრძელებთ მუშაობას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. მინდა, თითოეულ პაციენტს ვუსურვო, რომ ეს ცვლილებაც ყოფილიყოს მათთვის კიდევ სხვა მრავალი სიხარულის მომტანი. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი ინფორმაციით, ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებულება ექნება, სერვისი პაციენტებს მიაწოდოს.