მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა - მერია

ავტობუსები

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.

N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ, იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.

გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის - N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ „დიდებას“ გაივლის, ამჯერად სოფელ „დიდებაში“ მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.

გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს. მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები