რაჭაში სულ რამდენიმე დღეში რთველი დაიწყება. მევენახეები bm.ge-სთან წინასწარ პროგნოზებს აკეთებენ და როგორც აღნიშნავენ, წელს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან.
"ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობის" დამფუძნებელი რთველის პროცესში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, რაჭაში პრობლემებია რთველის დაგეგმარების კუთხითაც.
“რაჭაში რთველი არ იგეგმება იმის მიხედვით, ყურძენი არის თუ არა მზად. როცა კახეთის მერე მოიცლიან, შემდგომ მოდიან რაჭაში. კლიმატური პირობები კი, ყურძენს უფრო მეტად აზიანებს. რთველის დაგეგმვის სპეციფიკა უნდა შეიცვალოს. რეგიონში ყურძნის შაქრიანობის შემოწმებით უნდა გადაწყდეს როდის დაიწყოს რთველი.
პრობლემაა ისიც, რომ ხვანჭკარას გაყიდვა ისევ რუსულ ბაზარზეა ჩამოკიდებული. ამან ხარისხის დაგდება გამოიწვია. ქარხნები და ინდუსტრიული წარმოებები ყურძნის ხარისხს ყურადღებას აღარ აქცევენ, რადგან რუსეთში დაბალი ხარისხის ღვინოსაც მარტივად ასაღებენ”, - ამბობს ალეკო სარდანაშვილი.