"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია GQ France-ის 2026 წლის რჩეულებს შორისაა. ფრანგულმა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელი წლის ადამიანად დაასახელა და მას ვრცელი სტატია, ინტერვიუ და ფოტოსესია მიუძღვნა. GQ-ის „წლის ადამიანები“ გამოცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური პროექტია. მისი მიზანი იმ პიროვნებების წარმოჩენაა, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს სხვადასხვა სფეროში - მოდაში, კინოში, მუსიკაში, სპორტსა და კულტურაში. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ადამიანების გავლენაზე, პროფესიულ წარმატებაზე, ინდივიდუალურ სტილსა და იმაზე, თუ როგორ გასცდა მათი საქმიანობა საკუთარი სფეროს ფარგლებს. 2026 წლის შერჩევა პროექტის მე-15 გამოცემაა.






























