უკვე ოფიციალურად, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა დაადასტურა.
კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს, "ნაპოლის" 70 მლნ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაუხდის.
23 წლის თავდამსხმელი, რომელიც 7 ნომერ მაისურს მოირგებს, პარიზული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფრანგეთის საელჩო საქართველოში და მას წარმატებები უსურვა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში! წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს. შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის!",- წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
შეგახსენებთ, კვარაცხელია “ნაპოლიმ” 2022 წელს 10 მილიონ ევროდ “დინამო ბათუმიდან” შეიძინა, რის შემდეგაც 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022/23 წლების სეზონში ხვიჩა სერია A-ს ჩემპიონი გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულიც მიანიჭეს.