საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი მსოფლიოს უდიდესი ვიდეო თამაშების ტურნირის, კიბერსპორტის მსოფლიო ჩემპიონატს, უკვე მეორედ მასპინძლობს. მასშტაბი, რომლითაც ღონისძიება იმართება უპრეცედენტოა ვინაიდან $70 მილიონი საპრიზო ფონდია, რომელიც 24 სათამაშო სახეობაზე ნაწილდება, ხოლო მოთამაშეთა რაოდენობა 2000-ს აღწევს.
საპრიზო თანხა გაიყოფა რამდენიმე მიმართულებით:
- $27 მილიონი განკუთვნილია კლუბების ჩემპიონატისთვის, სადაც გამარჯვებული კლუბი მიიღებს $7 მილიონს.
- $38 მილიონი გადანაწილდება 25 სხვადასხვა თამაშის ტურნირებზე.
- $450,000 განკუთვნილია MVP ჯილდოებისთვის, რომლებიც გამოავლენენ ინდივიდუალურად საუკეთესო მოთამაშეებს.
- $5 მილიონი მოხმარდება საკვალიფიკაციო ტურნირებს, რომლებიც ტურნირის მთავარ ეტაპს წინ უძღვის.
ტურნირმა 2025 წლის ოფიციალურ გლობალურ ელჩად დანიშნა პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.
გარდა ამისა, EWC ფონდმა გამოაცხადა რამდენიმე სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის Riot Games-თან მრავალწლიანი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ თამაშებს, როგორებიცაა League of Legends, Teamfight Tactics და Valorant 2027 წლამდე.
ასევე, Chess.com გახდა ტურნირის ოფიციალური პლატფორმა ჭადრაკის კომპონენტისთვის.
2025 წლის კიბერსპორტის მსოფლიო თასი მოიცავს 25 ტურნირს 24 სხვადასხვა თამაშში, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის, სროლის, სპორტის, საბრძოლო და მობილური თამაშების მრავალფეროვნებას.
წელს სიაში დამატებულია:
- ჭადრაკი, 10-წუთიანი ბლიც ფორმატში, სადაც მონაწილეები იქნებიან დიდოსტატები, როგორებიც არიან მაგნუს კარლსენი და ჰიკარუ ნაკამურა.
- Valorant და Crossfire, რომლებიც დაემატნენ Riot Games-ს მრავალწლიან შეთანხმების შედეგად.
- Fatal Fury: City of the Wolves, რომელიც აღნიშნავს SNK-ის კლასიკური საბრძოლო თამაშის დაბრუნებას.
ღონისძიების მთავარი ელემენტია კლუბების ჩემპიონატი, ფორმატი, რომელიც აერთიანებს მრავალ თამაშში მიღწეული წარმატების სტიმულირებას.
ჩემპიონატის მოსაგებად გუნდმა უნდა მოიგოს მინიმუმ ერთი ტურნირი და მინიმუმ ორ სხვა ღონისძიებაში ასპარეზობა ტოპ 8-ში უნდა დაასრულოს.
მსოფლიო თასი ასევე მასპინძლობს მრავალ აქტივობას, როგორიცაა კოსპლეი, ფან-შეხვედრები, ლაივ-ტრანსლაციები, კონტენტ-შემქმნელთა სივრცეები და საკონფერენციო პანელები.
2025 წლის კიბერსპორტის მსოფლიო თასი 7 ივლისიდან 24 აგვისტოს პერიოდში ერ-რიადის Boulevard City-ში ტარდება. ტურნირის ძირითადი ადგილი იქნება ახლად აშენებული SEF Arena, რომელიც მოიცავს 34,000 კვადრატულ მეტრს. კომპლექსში არის ხუთი დარბაზი, მათ შორის მთავარი არენა, რომელიც იტევს 2,200 მაყურებელს. ასევე, არის სპეციალური სივრცეები პროფესიონალური გუნდების საწვრთნელად, ფან-ზონები, კაფეები და კონტენტ-შემქმნელთა სივრცეები.
ამავდროულად საუდის არაბეთი, ასევე უმასპინძლებს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ კიბერსპორტულ თამაშებს, მოცემულ ინიციატივას მხარს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უჭერს. Esports World Cup 2025-ის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, ელექტრონული სპორტი თავისი მასშტაბურობითა და ჩართულობით თანამედროვე სპორტულ სახეობებს გაუთანაბრდეს. ტურნირის ყველა თამაშის ხილვა YouTube-სა და Twitch-ზე არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ბილეთების ფასებს ერთ კვირიანი ულიმიტო საშვის ღირებულება $266 დოლარია, ხოლო დღიური ბილეთის შეძენა $48-დან $60 დოლარამდე ფარგლებშია შესაძლებელი.




























