მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბოს შემთხვევების ნახევარზე მეტი აზიის რეგიონზე მოდის, მეხუთედი - ევროპაზე|ჯანმოს ანგარიში

ჯანმო

წლიურად დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი შემთხვევისა და თითქმის 10 მილიონი გარდაცვალების მაჩვენებლით, კიბო გლობალურად სიკვდილიანობის გამომწვევ მეორე წამყვან მიზეზად კვლავ რჩება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. კიბო ყოველდღიურად 26 000-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებულ "კიბოს გლობალური სტატუსის შესახებ 2026 წლის ანგარიშშია" საუბარი.

ჯანმოს ცნობით, გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე, პროგნოზირებულია, რომ კიბოს წლიური შემთხვევების რაოდენობა 2050 წლისთვის თითქმის 35 მილიონამდე გაიზრდება.

კიბოს მაჩვენებლები სხვადასხვა რეგიონში

კიბოს ტვირთი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ყველაზე დიდი წილი აზიაზე მოდიოდა - კიბოს შემთხვევების ნახევარზე მეტი (50.7%) და გარდაცვალების შემთხვევების 56.5%, რაც მისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობითაა განპირობებული.

ევროპას არაპროპორციულად მაღალი ტვირთი აწევს: მასზე მოდის გლობალური შემთხვევების 21% და სიკვდილიანობის 20%, მიუხედავად იმისა, რომ აქ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს. ამის საპირისპიროდ, აფრიკის ბევრ ქვეყანასა და აზიის ნაწილში დაავადების გავრცელების უფრო დაბალი მაჩვენებელია, თუმცა არაპროპორციულად მაღალია სიკვდილიანობა.

გლობალურად კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად კვლავ ფილტვის კიბო რჩება. ფილტვის, პროსტატისა და კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კიბო ყველაზე მეტად არის გავრცელებული მამაკაცებში, ხოლო ქალებში ძირითადი წილი მოდის ძუძუს, ფილტვისა და კოლორექტულ კიბოზე.

მსოფლიოში კიბოს ყოველი ათი შემთხვევიდან თითქმის ოთხი პრევენცირებად რისკ-ფაქტორებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა ინფექციები (ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), ჰეპატიტი B და C, ჰელიკობაქტერ პილორი), ალკოჰოლი, თამბაქო, სხეულის მასის მაღალი ინდექსი და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, რაც ხაზს პრევენციის კრიტიკულ როლს უსვამს.

"მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც პრევენციული პოლიტიკა გაატარეს, კიბოს ზოგიერთი მაჩვენებლის კლება შეინიშნება, პროგრესი მაინც ძალიან ნელია. კიბოს პროფილი იცვლება და მას სულ უფრო მეტად განაპირობებს სიმსუქნის მზარდი მაჩვენებლები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, არაჯანსაღი კვება და ჰაერის დაბინძურება. კიბოს პრევენცია უნდა დარჩეს პოლიტიკურ პრიორიტეტად," - განაცხადა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დირექტორმა, დოქტორმა ელისაბეტ ვაიდერპასმა.

ანგარიშში მნიშვნელოვანი წინსვლა ძირითადი პოლიტიკის მიმართულებებითაა აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, 2010 წლის შემდეგ თამბაქოს მოხმარება 27%-ით შემცირდა, რამაც ხელი ზოგიერთ რეგიონში ფილტვის კიბოს შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებას შეუწყო.

გაძლიერდა პოლიტიკური ნებაც: ქვეყნების 82%-ს ახლა კიბოს კონტროლის ეროვნული გეგმები აქვს (2010 წელს ეს მაჩვენებელი 50% იყო). მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამები ძუძუს კიბოს შემთხვევების უმეტესობას ადგენს, ხოლო ქალების 74%-მა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი გაიარა.

დაჩქარებულია სამეცნიერო ინოვაციებიც: რეგისტრირებული კლინიკური კვლევების რაოდენობა 2005-2021 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 7.3%-ით იზრდებოდა.

თუმცა ეს მიღწევები სიცოცხლის გადამრჩენ ქმედებებად სასურველი ტემპით ვერ გარდაიქმნება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები ბევრისთვის კვლავ მიუწვდომელია:

კიბოს მკურნალობისთვის აუცილებელი ტოპ-20 პრიორიტეტული მედიკამენტის ხელმისაწვდომობა დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მხოლოდ 9%-დან 54%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 68%-დან 94%-მდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები