"კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ადრეული სიკვდილიანობის. ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება კიბოთი, ხოლო 10 მილიონზე მეტი, კიბოს გართულებებით იღუპება. თუმცა, როდესაც საქმე ადრეულ დიაგნოზს ეხება, ციფრები სრულად იცვლება", - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” “ონკოპრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ განაცხადა.
ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგი - ძუძუს კიბო - მამოგრაფიის საშუალებით. საშვილოსნოს ყელის კიბო - პაპ-ტესტისა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტის მეშვეობით. მსხვილი ნაწლავის კიბო - კოლონოსკოპიისა და ფარული სისხლის ტესტით განავალში. პროსტატის კიბო - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში და რექტალური გამოკვლევით.
“ონკოპრევენციის ცენტრის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა, გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” ამბობს, რომ კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებელი საქართველოში 25%-ის ფარგლებშია. მისი თქმით ამის მთავარი მიზეზი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა.
“პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოს რეგიონში, ჩვენ ვართ ლიდერები. შუა აზიის ქვეყნებშიც ლიდერები. ერთადერთი ყაზახეთი აქტიურობს ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ხელისუფლება უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებს და ბოლო თაობის აპარატებს ყიდულობს. რაც შეეხება ევროპას თუ შევედრებით, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან თითქმის გატოლებულები ვართ, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან გაშუალებულია ჩვენი მაჩვენებელი. ჩვენი პრობლემა მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფების მოცვაშია. იმისთვის რომ კიბოს სკრინინგის პროგრამას მაქსიმალური ეფექტურობა ჰქონდეს, მოცვის პროცენტი უნდა იყოს 65% და ზემოთ. ჩვენთან 20%-25%-ის ფარგლებშია, რაც ძალიან დაბალია. ამისთვის საჭიროა ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერება,” - აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.