მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი..." - რატომ არ მუშაობს ღია ბანკინგი სრულყოფილად?

სები

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ამბობს, რომ ღია ბანკინგის მიმართულებით საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საკითხზე მუშაობის პირობას დებს.

მან ერთპარტიულ პარლამენტში, კომიტეტზე გამოსვლისას ღია ბანკინგზე ვაკო თურნავას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ღია ბანკინგი დეცენტრალიზებულად გაკეთდა, რაც იმის მიზეზი ჰგონია, რომ ის სრულყოფილად არ მუშაობს.

"ერთი წელია, რაც მოვედი ვცდილობ ღია ბანკინგი უფრო კარგად გავიგო, გავიგო რატომ არ მუშაობს ისე კარგად, როგორც უნდა მუშაობდეს. ხანდახან ვცდილობ ეს დავაბრალო იმას, რომ დეცენტრალიზებულად გაკეთდა და არ გაკეთდა ცენტრალიზებულად, ანუ ეროვნული ბანკის ეგიდის ქვეშ. ხანდახან ქალბატონ ნათიასთან და საბჭოსთან ერთად გვაქვს ეს მსჯელობები, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, რომ ღია ბანკინგი უფრო ცენტრალიზებული იყოს იმიტომ, რომ დღესდღეობით არის საბანკო ასოციაციის ხელში, რამდენიმე დაწესებულებაა მხოლოდ დაერთებული და გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, რომ ვიღაც დაერთდეს, არც ისე ადვილია, რადგან საოპერაციო რისკებია გასათვალისწინებელი, ქვეყნის პროცედურები. ამიტომ, ღია ბანკინგმა კარგად რომ იმუშაოს, ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ სფეროს ვკურირებ, გპირდებით, რომ კიდევ ბევრ რაღაცას გავაკეთებთ",- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ვაკო თურნავა ასევე დაინტერესდა როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე:"ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და MASTERCARD-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა?",- განაცხადა ვაკო თურნავამ.

საპასუხოდ, ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც მათ შორის ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და MASTERCARD-ის გავლენას შეამცირებს.

"ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს",- თქვა ეკატერინე გალდავამ.

ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები