კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც რითეილერებისგან ფულის ამოღების პრობლემაზე საუბრობს - კომპანია "მეგაპლასტი" ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ზაზა მჭედლიშვილი აცხადებს, დღეს ძალიან ჭირს მწარმოებლებისთვის თანხების ამოღება კონკრეტული სარეალიზაციო ობიექტებიდან, ამიტომ პრობლემა კანონმა უნდა მოაწესრიგოს.
"მაგალითად, ამერიკაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ მე მაღაზიაში შევიტან ღვინოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღაზია პროდუქციას გაყიდის 1 თვეში, 3 თვეში თუ 3 წელიწადში, ის თუ მიიღებს პროდუქციას, ვალდებულია კონკრეტული ვადის გასვლის შემთხვევაში გადამიხადოს საფასური. თუ არ იხდის, იქ უკვე ერთვება შესაბამისი უწყებები. სამწუხარო ისაა, რომ თანხების ამოღება მარტო ჩემი პრობლემა არ არის. ძალიან ბევრ ბიზნესს აქვს ეს პრობლემა. ინდივიდუალურად ვაგვარებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის ადამიანურ ურთიერთობებზე დამყარებული და ეს რომ კანონით რეგულირდებოდეს, უფრო პროგნოზირებადი იქნებოდა ჩვენი ბიზნესი, შემოსავლები-გასავლები და ა.შ.",- აცხადებს "მეგაპლასტის" ხელმძღვანელი.
დისტრიბუტორი კომპანიების ნაწილი დიდი ხანია აცხადებს, რომ მათ კონკრეტული სავაჭრო ქსელებიდან თანხების ამოღება უჭირთ. სწორედ ამიტომ ისინი შესაბამისი კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

























