საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვები კვლავ არაადეკვატურ დონეზე რჩება.
2018 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკას ატარებდა, რისთვისაც უწყებამ სავალუტო ინტერვენცია 17-ჯერ განახორციელა და ჯამში, $197 მილიონის შეისყიდა.
IMF-ის დასკვნით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არაადეკვატური მოცულობისაა. IMF-ის შეფასების სისტემით - ARA metrics-ის მიხედვით, საქართველოს ქულა 0.9-ია, იმისთვის რათა რეზერვების მოცულობა ეკონომიკისთვის შესაბამისად ჩაითვალოს ის 1-1.5-ის ფარგლებში უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სებ-მა ამ მაჩვენებლის მისაღწევად რეზერვები დაახლოებით, 10%-ით მაინც უნდა გაზარდოს.
“როგორც მინიმუმი, ჩვენ გვინდა, რომ მივიდეთ იმ მინიმალურ ჭერთან, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის რეზერვების ადეკვატურ მაჩვენებლად. ეს არის ინდექსი მოგეხსენებათ და გვინდა, რომ 100%-ზე ავიდეთ. ჯერ-ჯერობით, შორს ვართ ამ მაჩვენებლისგან. მოგეხსენებათ, რომ ეს ადეკვატურობის მაჩვენებლის ინტერვალი არის 100%-დან 150%-მდე. ამიტომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას გვაძლევს, რათა ჩვენ საერთაშორისო სავალუტო რეზერვი შევისყიდოთ. სებ-ის ინტერვენციებს შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ჰქონდეს გარკვეულწილად რაიმე გავლენა, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კურსი აუცილებლად იმ წონასწორობისკენ წავა, რასაც ეკონომიკა მას კარნახობს,”- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.08 მილიარდია, ეს დაახლოებით, იმდენივეა, რამდენიც 2013 წლის მიწურულს იყო. მას შემდეგ, ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის დროს რეზერვების გაყიდვისა და საგარეო ვალის მომსახურების გამო ის $2.4 მილიარდამდე შემცირდა. 2016 წლიდან კი ზრდა დაიწყო. 2017 და 2018 წლებში რეზერვების შევსების პოლიტიკის გამო, სებ-ს დოლარი არ გაუყიდია და ჯამში, $327 მილიონი შეისყიდა.

























