მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ რამდენი უნდა აშენდეს? - გაცემული სამშენებლო ნებართვების სტატისტიკა

5c177365adfa7
BM.GE
18.12.18 12:29
1106
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო სექტორში გააქტიურება შეიმჩნევა. გაზდრილია როგორც ნებართვების გაცემის ტემპი, ასევე პროექტების დასრულების მაჩვენებელიც. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ობიექტი 2016 წელს აშენდა; ამ წელს დამთავრებული ობიექტების საერთო ფართობმა 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი შეადგინა. 

"საერთაშორისიო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2006 წლიდან მოყოლებული, საქართველოში სულ 63.4 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის მშენებლობებზე გაიცა ნებართვა. ამავე პერიოდში ჩაბარებული შენობების საერთო ფართობი 16.4 მილიონი კვადრატული მეტრია. შესაბამისად, ამ პროექტების ჯამური მოცულობა გასული დეკადის განმავლობაში აშენებული შენობების ფართობს 4-ჯერ აღემატება. 

ბოლო 12 წელიწადში სულ 88 629 სამშენებლო ნებართვა გაიცა, წელიწადში საშუალოდ 7 386 ნებართვა გაიცემოდა. წლების მიხედვით, ნებართვების გაცემას ზრდის ტენდენცია აქვს. მაგალითად, 2006 წელს 2 725 ნებართვა გაიცა, 2017 წელს კი 4-ჯერ მეტი - 10 495.

ბოლო ოთხ წელიწადში, წლიურად, საშუალოდ 10 300 სამშენებლო ნებართვა გაიცემოდა.

2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საქართველოში 23 064 სამშენებლო ობიექტის მშენებლობა დასრულდა. წელიწადში საშუალოდ 1 922 სამშენებლო ობიექტი სრულდებოდა. ბოლო წლებში, დასრულებული ობიექტების რაოდენობას ზრდის ტენდენცია აქვს, თუმცა რეკორდული მაჩვენებელი (3 163 სამშენებლო ობიექტის დასრულება) 2013 წელს დაფიქსირდა. 2014-2017 წლებში წელიწადში, საშუალოდ, 2 682 ობიექტი სრულდებოდა.

ყველაზე მეტ ფართობზე ნებართვა 2013 წელს გაიცა - 8.4 მილიონ მ2-ზე. მომდევნო წლებში კლების ტენდენცია იყო; 2016 წელს 5.8 მილიონი მ2-ზე გაიცა ნებართვა, რაც ახლოსაა 2011 წლის მაჩვენებელთან. თუმცა, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა - 6.5 მილიონი მ2-ზე გაიცა ნებართვა.

2017 წელს დასრულებული 2 922 მშენებლობიდან 1 450 (დასრულებული ობიექტების 50%) საცხოვრებელი ობიექტი იყო. 2012-2016 წლებში საცხოვრებელი შენობების წილი საშუალოდ 51% იყო. შემდეგ მოდის სავაჭრო ობიექტები - 415 ერთეულით, ბაზრის 14%-იანი წილით. მესამე უმსხვილესი კი სამრეწველო და სასაწყობო ობიექტებია - 172 ერთეულით, ბაზრის 6%-იანი წილით.

2017 წელს გაცემული ნებართვების რაოდენობითაც საცხოვრებელი შენობები ლიდერობს, აღნიშნული სახის ობიექტების ასაშენებლად 6 799 ნებართვა გაიცა, რაც გასულ წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების მთლიანი რაოდენობის 65%-ია.



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები