მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კინო რუსთაველის შენობის პირველ სართულზე კომერციული ფართი განთავსდება

გრაფ1

კინოთეატრი რუსთაველი 2018 წლიდან აღარ ფუნქციონირებს და რუსთაველის გამზირზე არსებული ისტორიული შენობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უფუნქციოდ არის დარჩენილი. თუმცა, როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვიდან ირკვევა, შენობის პირველ სართულზე კომერციული ფართი - კერძოდ კი არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანია Emaar-ის შვილობილის Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი განთავსდება.

Eagle Hills-ი, როგორც ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს - მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ფონიჭალაში. ორივე პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ Emaar თბილისსა და გონიოში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყებს.

„დაიწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში კომპანია დააფუძნებს წარმომადგენლობას საქართველოში. შემდეგ, მოხდება მუშაობა გენერალურ გეგმარებასა და სანებართვო პირობებზე. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები ორივე ლოკაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

რაც შეეხება თავად კინოთეატრ რუსთაველს, ის კავეას კინოთეატრების ქსელის ბიზნესჯგუფის დამფუძნებლების საკუთრებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები