საქართველოში, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დღეს კიბერუსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად სხვადასხვა საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო ხშირია. საქართველოს მოსახლეობაც აქტიურად იყენებს ამ ტექნოლოგიებს და შესაბამისად, კიბერ საფრთხეების რიცხვიც იზრდება. ადამიანები სულ უფრო დაუცველნი არიან, რადგან მათი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სმარტფონებისა და ვებსაიტების ონლაინ აპლიკაციებით იმართება.
კიბერუსაფრთხოების კუთხით, საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ გამოწვევების დასაძლევად სწორი მიმართულებით მიდის. თუმცა საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს, არ ჰყავს კიბერუსაფრთხოების საკმარისი სპეციალისტი. ამჟამად თითქმის ყველგან დიდი მოთხოვნაა კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებზე, უნივერსიტეტები საკმარის პროფესიონალებს ვერ ამზადებენ, საჯარო სექტორის დამსაქმებლები ვერ ახერხებენ, კერძო სექტორის მსგავსად მაღალი ხელფასი გადაუხადონ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს. მაღალანაზღაურებადი უცხოური კომპანიები კი იზიდავენ არსებულ სპეციალისტებს, რის შედეგადაც ქვეყნიდან ხდება პროფესიონალთა გადინება.
უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობისა და კვალიფიციური და კიბერუსაფრთხოების სექტორში ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის შექმნის მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა USAID-ის მხარდაჭერით „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი“ ჩამოაყალიბა.
„თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში კიბერუსაფრთხოების სფეროს მზარდი მნიშვნელობა აუცილებელს ხდის საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს კიბერუსაფრთხოების განმტკიცებას. ამიტომაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შევიმუშავეთ ახალი მიმართულება – „კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი“, რომელსაც USAID-თან თანამშრომლობით ვავითარებთ. 18 თვის განმავლობაში ვიმუშავებთ, რათა საქართველოს შევთავაზოთ ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობა, მოკლევადიანი სასწავლო კურსი, რომელიც მოამზადებს როგორც არსებულ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს საქართველოში, აგრეთვე ახალ კადრებს, ახალ პროფესიონალებს მისცემს საშუალებას, რომ დაეუფლონ ამ მნიშვნელოვან პროფესიას.“ – განაცხადა “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის” კანცლერმა, მაგდა მაღრაძემ.
პროექტის განხორციელებაში KIU-ს უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები დაეხმარებიან და შედეგად კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი შეიქმნება, რომელშიც 400-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს ჩართვას.
„ჩვენ გვყავს ექსპერტები გერმანიიდან, ესტონეთიდან, აშშ-დან, რომლებმაც შეიმუშავეს უკვე სასწავლო პროგრამები. კონკურსის საფუძველზე 20-მდე ტრენერიც შეირჩა და აგვისტოში ტრენინგ პროგრამების შეთავაზებაც დაიწყეს. პროგრამა მოკლევადიანია და მოიცავს შემდეგ თემებს: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკერების პრაქტიკული კურსი”, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს KIU საერთაშორისო სერტიფიცირების ვაუჩერებს დაუფინანსებს. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ში დაფუძნებულ ელექტრონული კომერციის კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოსთან (EC-Council), რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაციაა და 145 ქვეყანაში საქმიანობს.