მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კლასიკურად ჩაცმა პოპულარულია, ამიტომ ჩვენი ტანისამოსი მოთხოვნადია” - “პალეკარტი”

63ee4051c0c19
ნანუკა ნარიმანიძე
18.02.23 23:11
2557
მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდის “პალეკარტის” დამფუძნებელი უჩა ხმიადაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კლასიკური ტანისამოსი თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. მისივე თქმით, “პალეკარტის” დაარსებიდან დღემდე მათ ტანისამოსზე შეკვეთებიც მზარდია.

“ტანსაცმელი მოთხოვნადი არის, რადგან კლასიკურად ჩაცმა საქართველოში პოპულარულია და ბევრ მამაკაცს მოსწონს. კომპანიის დაარსების დღიდან იზრდება მოთხოვნები და შეკვეთები ჩვენს პროდუქტზე”, - აცხადებს უჩა ხმიადაშვილი Bm.ge-სთან საუბრისას.

ბრენდი, რომელსაც ერთი მაღაზია და სამკერვალო აქვს, ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

“რამდენიმე ნიმუში გავგზავნეთ, მაგრამ ჯერ ექსპორტზე არ გაგვიტანია ტანსაცმელი. მომავლისთვის იგეგმება გერმანიასა და ყაზახეთში გასვლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, - ამბობს “პალეკარტის” დამფუძნებელი.

ამასთან, კომპანია ასორტიმენტის გაზრდასა და გაფართოებაზეც ფიქრობს.

“ვმუშაობთ ჯინსის შარვლების დამატებაზეც, რისთვისაც 20 000 ლარის ინვესტიცია გვაქვს გათვლილი”, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რით არის ბრენდი გამორჩეული, დამფუძნებელი გვპასუხობს, რომ ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალური კერვის სერვისს.

“შოურუმში რა მოდელებიც არის, ყველა მოდელის შეკვეთა არის შესაძლებელი სხვადასხვა ქსოვილისა და დეტალების არჩევით, მომხმარებლის სურვილისამებრ”, - დასძინა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, Bm.ge-სთან ინტერვიუში ბრენდის შემქმნელი ამბობს, რომ კადრების დეფიციტი მათი კომპანიისთვისაც პრობლემა იყო. ამასთან, მისივე თქმით, გაუჭირდათ მასალების მოძიებაც, ვინაიდან ქსოვილებში დიდი არჩევანი არ არის, რომელიც მათ სტილს და მიმართულებას სჭირდება.

ცნობისთვის, “პალეკარტი” 2020 წელს დაარსდა, შოურუმი კი 2021 წლის მაისში გაიხსნა. ბრენდი მომხმარებელს მამაკაცის ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. მათ მიერ შექმნილი ტანისამოსი კლასიკურ-ყოველდღიური (ე.წ. Casual Elegance) სტილისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები