სამშენებლო კომპანია GDG თბილისის მერიამ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 30 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სამშენებლო ობიექტზე კლდის ჩამონგრევა გახდა. GDG მთაწმინდის ფერდთან, მამადავითის ტაძრის სიახლოვეს სასტუმროს აშენებს. თუ კომპანია დათქმულ ვადებში არ გამოასწორებს მდგომარეობას, 90 ათასიანი ჯარიმა ემუქრება. BM.GE-მ კომპანიის დირექტორისგან გაარკვია, რომ კლდის ჩამონგრევის მიზეზების შესწავლა სასამართლო ექსპერტიზის ბიურომაც დაასრულა. ბეჟან წაქაძის ცნობით, ჩამონგრევის მიზეზი ბუნებრივი მოვლენები, კერძოდ, გახშირებული წვიმა გახდა.
„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაგვაჯარიმეს 30 000 ლარით. ამჟამად მიმდინარეობს გეოლოგიის ხელმეორედ შესწავლა, რაც მერიამ მოითხოვა. ასევე კონსტრუქციულ ნაწილში არ იყო ჩადებული გამაგრებითი სამუშაობი, რომელსაც კონსტრუქტორი დებს. მაგრამ ადრე მერია თვითონ იღებდა კონსტრუქციულ ნაწილს და თავად იყო პასუხისმგებელი, ახლა უკვე რამდენიმე წელია, მერიაში ბარდება მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციას საერთოდ არ უყურებს მერია და ამიტომ პასუხისმგებლობა გადმოვიდა ჩემზე და დამაჯარიმეს 30 000 ლარით.“ - განუცხადა BM.GE-ს ბეჟან წაქაძემ.

























