მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიმატური პირობები, მოთხოვნა ექსპორტზე… - რატომ ღირს ხილი/ბოსტნეული ყველაზე ძვირი?

ბოსტნეული

სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციალისტები ხილსა და ბოსტნეულზე ფასების ზრდის მთავარ მიზეზად კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შექმნილ დეფიციტს, საექსპორტო ბაზრებზე მზარდ მოთხოვნას და ზოგადად პროდუქციის გაზრდილ თვითღირებულებას მიიჩნევენ.

ხილი და ბოსტნეული იმ ძირითად პროდუქტებს შორისაა, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა. გასულ თვეში საქართველოში ფასების დონე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასები თითქმის 12%-ით გაძვირდა. დეტალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად, 109%-ით ქლიავი გაძვირდა. 60%-ით გაიზარდა ფასი მსხალსა და ლიმონზე.

“მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ მთავარ რეგიონს - შიდა ქართლს, რომელიც ხილს და ბოსტნეულის გარკვეულ რაოდენობას აწარმოებს, ჰქონდა საკმაოდ რთული გაზაფხული. ეს იყო საგაზაფხულო ყინვები, რასაც გარკვეულ პერიოდში თან დაერთო ასევე სეტყვა და ამან საკმაოდ რთული ვითარება შექმნა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხილზე სეზონის მიმართულებით არის ექსპორტზეც მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მიწოდება მცირე იყო, მოთხოვნა იყო მაღალი როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო ბაზრებზე და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ესეც გახლდათ, რამაც ფასები ასე გაზარდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ფერმერებს წარმოების ხარჯი ეზრდებათ. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება აქ გახლავთ მუშახელი. სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც ნიშნავს, რომ ფერმერებს კიდევ უფრო მეტი უჯდებათ პროდუქციის მოყვანა, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ფასებსაც.

მოგეხსენებათ, ახლა არის პერიოდი, როდესაც ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლება ხდება უკვე იმპორტით და ამდენად, როგორი იქნება ფასები ბაზარზე, უკვე დამოკიდებული იქნება საიმპორტო ბაზრებზე, საიდანაც შემოგვაქვს, რა ფასით შემოვა, რა რაოდენობით შემოვა და ასე შემდეგ. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ზოგადად სურსათზე ფასები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდია, შესაბამისად შემცირება ალბათ არ მოხდება, თუმცა ზრდის ტემპი, იმედია შენელდება.

მთავარი გამოსავალი მაინც შიდა წარმოების განვითარებაა, კიდევ უფრო მეტი განვითარება, იმ რისკების დაზღვევა, მათ შორის კლიმატური რისკების დაზღვევა, უფრო მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყანაში, რაც გარკვეულწილად ამ რისკებს დააზღვევს”, - აცხადებს bm.ge-სთან ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები