მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კლინიკები არჩევანის წინაშე დგანან”- ჯიბიდან გადახდების პრაქტიკა კვლავ არსებობს

609ab30a0ab41
ანუკა ჯოხაძე
11.05.21 21:20
691
"კარდიოქირურგიაში კვლავ არის პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯიბიდან გადახდების პრაქტიკაზე საუბრისას პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ორი კვირის წინ განაცხადა. ცნობისთვის, კარდიოქირურგია ჯანდაცვის ერთ-ერთი მიმართულება იყო, სადაც ცნობილი 520-ე დადგენილებით სამედიცინო მომსახურებაზე ახალი შემცირებული ტარიფები დაწესდა. მიუხედავად სექტორის მწვავე კრიტიკისა და პროტესტისა, დადგენილება ორი წლის წინ მაინც შევიდა ძალაში. როგორც მინისტრი ამბობს, ტარიფების გათანაბრების შემდეგ ჯიბიდან გადახდების ტენდენცია შემცირდა, თუმცა მისი განმარტებით, მსგავსი ფაქტები მაინც ფიქსირდება.

კლინიკების ნაწილი ამბობს, რომ ჯიბიდან გადახდების პრაქტიკა დღეს არსებული ტარიფების ერთგვარი გამოძახილია, რადგან გაზრდილი კომუნალური გადასახადების და გაძვირებული იმპორტირებული სახარჯი მასალის ფონზე კერძო სექტორი არჩევანის წინაშე დგება.

როგორც კლინიკა kids.co-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გამყრელიძე ამბობს, ფინანსურ “დეფიციტს”, რაც დღეს კლინიკებს აქვთ, ისინი ან ტარიფით დადგენილ თანხაზე ზევიდან ჰონორარის დამატებით ივსებენ ან დაქირავებული მუშახელის ხელფასების შემცირებით. მისი განმარტებით, გამოსავალი ახალი ტარიფების დადგენაა, რომელზეც სამინისტრო უკვე დიდი ხანია მუშაობს. 

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ტარიფების გადახედვა არ მოხდება, ჯიბიდან გადახდების პრაქტიკა ისევ იარსებებს, რადგან სხვა გამოსავალი სექტორს დღეს არ აქვს.

“ეს არ არის უარყოფითი მოქმედება კლინიკების მხრიდან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიმართულია ან სამედიცინო პერსონალის ხელფასის ან მომსახურების ხარისხის შენარჩუნებაზე. იმ სახარჯი მასალების ან დამატებითი საშუალებების შეძენაზე, რაც აუცილებელია ნორმალური სერვისის მისაწოდებლად. მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს ფული არ ყოფნის, კლინიკა იძულებულია მოიძიოს სხვა დაფინანსების წყარო ან პაციენტისგან ან დამფინანსებელი ერთეულისგან, რომელიც დეფიციტურ ნაწილს დააფინანსებს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოექცეს საერთო ჩარჩოში, ტარიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიაა დასანერგი", - აცხადებს კლინიკა KIDS.CO-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები