ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 159 კლინიკისთვის დაკისრებული 13 მილიონი ლარის საქმე ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშიც მოხვდა.
რეგისტრაციის პროცესის დარღვევის გამო, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კლინიკებს პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება განესაზღვრათ.
ბიზნესომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებმა შემოწმების შედეგებთან და დაკისრებულ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. ბიზნესომბუდსმენმა რეკომენდაციებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რაც მათი თქმით, უწყებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა.
„შემოწმების შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციებმა მილიონობით ლარი შეადგინა. განმცხადებლების ინფორმაციით, ისინი დაჯარიმებულნი არიან დიდი მოცულობის თანხებით, რომელთა გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ და აღსრულება ხორციელდება პროგრამის ფარგლებში მისაღები თანხის დაკავებით, რაც სამედიცინო დაწესებულებებს აყენებს მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში.
სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ გარკვეული ვადით გამოცხადებულიყო მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს წარმოედგინა წინადადებები საჯარიმო სანქციების ოდენობებისა და მათი გადახდის ადმინისტრირების წესის, ასევე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2018 წლის ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე მორატორიუმი ამოქმედდა და უწყებათაშორისმა კომისიამ დაიწყო მუშაობა ბიზნესომბუდსმენის ინიციატივაზე საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ოპტიმიზაციის მიზნით“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის ანგარიშში.

























