ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, ჯანდაცვის სამინისტრომ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კლინიკებში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების 95% აცრილი არაა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ მოქალაქეებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, გავაკეთეთ მოკვლევა თუ როგორია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტებში ერთი ან ორი დოზით აცრილი პირების წილი.
გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია 2.85%, ხოლო 2 დოზით აცრილი პაციენტების 2.13%.
კლინიკაში დღეისთვის მკურნალობას იმ ადამიანების 95% გადის, რომლებსაც არც ერთი ვაქცინის არც ერთი დოზა არ ჰქონდა ჩატარებული.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რამდენად ეფექტურია ვაქცინა კოვიდ პანდემიის მართვაში ინფექციიდან თავის დასაცავად“, - განაცხადა მინისტრმა და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.



























