კოალიცია "ცვლილებებისთვის" გუნდს კომპანია GDB-ის პარტნიორი, ბიზნესმენი ივა ჭყონია შეუერთდა. ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მისი კანდიდატურა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ წარადგინა.
ივა ჭყონიას განცხადებით, აუცილებელია, რომ ქართველმა ხალხმა არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და გეზი დასავლეთისკენ აიღოს.
"უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას. სამოქალაქო პლატფორმიდან არაერთხელ მიბრძოლია და არაერთხელ მისაუბრია იმ პრობლემებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში.
არაერთხელ ამიხსნია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლებისთვის, რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, რა კეთილდღეობა მოიტანა ამერიკამ და რა კეთილდღეობა შეიძლება დავკარგოთ ხვალ და ზეგ, თუ არ მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც 26 ოქტომბერს არის მისაღები.
ნურავის ჰგონია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები ოდესმე პრო-რუსულ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ივა ჭყონიამ.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხიაც შეუერთდა. იგი არჩევნებზე გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ერთობასთან ერთად იბრძოლებს.