"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის მთავარი ხედვაა, აღასრულოს ის პირობები, რაც "ქართულ ქარტიაში" წერია - ამის შესახებ ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
კოალიციის ლიდერმა საარჩევნო პროგრამის შეფასებისას აღნიშნა, რომ მთავარი დაპირება დღეს იმ 9 პუნქტის შესრულებაა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს EU-ში გაწევრიანების წინაპირობად დაუყენა.
"ჩვენი ხედვაა, რომ ის, რაც წერია “ქართულ ქარტიაში” გასაკეთებელია. ქარტიაში გაწერილია კონკრეტული რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს იმ 9 პუნქტიდან, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის და ამ 9 პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რათა დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც ჩვენზე 1 ნაბიჯით წინ არიან.
ამით შანსი გვეხსნება, რომ 5-6 წელიწადში, როდესაც ევროკავშირის, სავარაუდოდ, ბოლო გაფართოებაა დაგეგმილი, მაგ გაფართოების ნაწილი იყოს საქართველო, უკრაინასთან, მოლდოვასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, რათა 5-6 წელიწადში ამ ქვეყანაში ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჯიბეში ედოთ ევროკავშირის პასპორტი, რომელიც გაუხსნით ყველა კარს და მათი თვალსაწიერი და შესაძლებლობები აღარ იქნება მხოლოდ თბილისით შემოფარგლული ან მცდელობით, რომ ამ ქვეყნიდან გაიქცნენ ფიზიკური სამუშაოსთვის", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
კითხვაზე, რამდენად საკმარისია ზოგადი დაპირება ამომრჩევლის მისაზიდად, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პოლიტიკურ ჯგუფთა დაპირება ზოგადი არ არის და ის კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს 9 დათქმის შესასრულებლად.
"ბოლომდე ზოგადი არ არის, იმ რეფორმებში გაწერილია რაღაცები, რაც კონკრეტიკას შეიცავს, მაგალითად, მართლმსაჯულების ნაწილში რა რეფორმებია გასატარებელი, საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით რა არის შესაცვლელი, კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში რა არის გასაკეთებელი. მე არ ვთვლი და არასდროს ჩამითვლია, რომ რაც გაწერილია, საკმარისია, პირველ რიგში დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევისთვის, რაც სინამდვილეში გულისხმობს ისეთი ფუნდამენტური რეფორმების გატარებას, რომ ვეღარასდროს მოხდეს ამ ქვეყანაში ის, რაც რეგულარულად ხდებოდა - ერთი ადამიანი იგდებდა ძალაუფლებას ხელში და აღარ უშვებდა", - ამბობს ჯაფარიძე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმების საკითხიც, თუმცა ხედვა, რომელიც კოალიციას აქვს, საჯაროდ არ ქვეყნდება, რადგან იმ 4 პოლიტიკურ ჯგუფს შორის, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის რეალური შანსი აქვთ, "ქარტიის" გარდა შეთანხმება სხვა საკითხებზე არ არსებობს.
"ჩემთვის პირადად პრინციპული საკითხია ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანას სწრაფი წინსვლისთვის სჭირდება. მგონია, რომ ბევრ რაღაცებზე ევროკავშირი მარტივად დახუჭავს თვალს, მაგრამ ეკონომიკური განვითარების დონე ერთ სულ მოსახლეზე რამდენი იქნება, სწრაფად გვაქვს წინ წასაწევი.
გვაქვს დაწერილი ხედვა, მაგრამ საჯაროდ არ დაგვიდია, რადგან არ გვინდა, რომ რაღაც ტყუილი ვთქვათ. ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ მთავარი გასაკეთებელი "ქართული ქარტიის" პუნქტებია. ამ ყველაფერს რომ გავაკეთებთ, წერია, რომ მერე უნდა ჩატარდეს სამართლიანი და რიგგარეშე არჩევნები და მერე უფრო იქნება ამის დრო. მაგრამ თუ მანამ, სანამ ჩვენ პარლამენტში ვართ, მოხერხდა სხვა რეფორმებზე შეთანხმება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ, დრო რატომ უნდა დავკარგოთ? უბრალოდ ამაზე არ გვაქვს შეთანხმება სხვა ჯგუფებთან", - აღნიშნავს ზურა ჯაფარიძე.