რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატის განცხადებით, კობა გაბუნია დაკავებამდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი მხოლოდ ტელეფონი ამოიღეს. ამის შესახებ მან "ტვ პირველთან" ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებულ კობა გაბუნიას ბრალი ჯერ არ წარუდგენია, ამიტომ საქმის დეტალებზე საუბრისგან ის თავს იკავებს და აცხადებს, რომ იცის, რომ ბრალდება მრავალტომიანია.
„თვითონ გაოგნებულია. როგორც მეუბნება, რასაც მედავებიან ჩემს ფუნქციებში არ შედიოდაო. ვიღაცის გათქმის საფუძველზე ხომ არ შეიძლება დატოვო ადამიანი პასუხისგებაში, თუ არ გაქვს სხვა მტკიცებულებები“, - განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ფული არ ამოუღიათ: „ამოიღეს მხოლოდ ტელეფონი“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია 30 ოქტომბერს დააკავეს. ის მაღალ თანამდებობას 2019 წლიდან 2025 წლის გაზაფხულამდე იკავებდა. მან პოსტი გაზაფხულზე მინისტრ ირაკლი ქარსელაძის გადაყენების შემდეგ დატოვა.
გამოძიების ინფორმაციით, კობა გაბუნიამ, რომელიც სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდს კურირებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. საქმე უკავშირდება მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მგფ-ის ყოფილი დირექტორს დავით ტაბიძესაც აქვს ბრალი წარდგენილი. საუბარია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ დაუსაბუთებელი ავანსები გასცა კომპანია "ლაგი კაპიტალზე", რომელმაც თანხები მიითვისა. გამოძიების თანახმად, საქმის ფარგლებში ასევე ჩატარდა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლის ჩხრეკაც.



























