მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე - როცა ვამბობთ, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი

5e7ce12c77834
თამთა ჯიჯავაძე
26.03.20 21:03
3699
"როდესაც ვამბობთ, რომ ვალუტები გაუფასურდა და ქართული ლარი ყველაზე მეტად, არ არის სწორი", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არის ვალუტები, რომლებიც უფრო მეტად გაუფასურდა, მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნების, ან ჩვენს რეგიონშიც რუსეთის, ბელარუსის ვალუტები.

„მაგალითად რუსეთის და ბელარუსის ვალუტები უფრო მეტად გაუფასურდნენ წლის დასაწყისიდან, ვიდრე ქართული ვალუტა. არის ვალუტები, რომლებიც უფრო ნაკლებად გაუფასურდნენ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ შედარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებისა წლის დასაწყისიდან. და ამის მიხედვით ჩვენ საშუალოდ, ზუსტად ისე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები. ჩვენთან უფრო მკვეთრად აღიქმება ეს, რადგანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო მაღალი იყო გაუფასურება, თორემ საშუალოდ დაახლოებით ისევე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნები“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით, დარტყმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკამ და ამ შემთხვევაში ვალუტამ მიიღო, მოდის შემდეგი წყაროებიდან:

„პირველი ეს არის ტურიზმი, დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა ქართული ეკონომიკისათვის და როგორც ზრდის, ასევე უცხოური ვალუტების შემოდინების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დღეს დახშულია და არ ხდება აქედან ვალუტის შემოსვლა.

მეორე გავლენა ეს არის ნავთობის ფასების ვარდნა, ნავთობის ფასების ვარდნის გამო მოსალოდნელია, რომ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შემოდიოდა ვალუტა, გადმორიცხვები, მაგალითად რუსეთი უფრო ნაკლები იქნება. ასევე გადმორიცხვებზე, კორონავირუსის გამო უკვე სხვა ქვეყნებში, ვთქვათ, იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, საბერძნეთში, იქაც შემცირებული იქნება ეკონომიკა და აქიდანაც გადმორიცხვა ნაკლები იქნება. ეს ყველაფერი განაპირობებს უფრო გაძლიერებულ ცუდ მოლოდინებს და ზუსტად ამის გამო არის, რომ ქართული ვალუტა გაუფასურდა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ვალუტა 26 მარტის ვაჭრობის შედეგად კიდევ გაუფასურდა. აშშ დოლართან კლებამ 2.6 თეთრი შეადგინა, შესაბამისად ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარი გახდა. ევროსთან კი გაუფასურება 7.9 თეთრი იყო და ახალი კურსით ერთი ევრო 3.8159 ლარი ღირს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან $100 მილიონი გაყიდა. სებ-ი ლარის პიკური გაუფასურების შესარბილებლად მომავალშიც გეგმავს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები