ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ BMG-ის მიერ TBC ბანკის საქმეზე დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე გამოძიება არ მოახდენს ბანკის ფუნქციონირებაზე ნეგატიურ გავლენას. კობა გვენეტაძე ასევე ამბობს, რომ TBC ბანკის საქმეზე ის დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს, რადგანაც ის კონფიდენციალურია.
“რაც შეეხება TBC ბანკთან დაკავშირებულ თქვენ შეკითხვას, გავიმეორებ ამ კითხვაზე ჩემს პასუხს, ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს კომერციული ბანკების ზედამხედველობას. კანონდებლობის ფარგლებში ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები როგორც ამ, ისევე სხვა შემთხვევებში არ არის საჯარო. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, ამ დეტალებზე ვისაუბროთ. ამავე დროს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ TBC ბანკი არის ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტი. მას გააჩნია ლიკვიდური სახსრებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე და ეს დონე არის იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე მოთხოვნა არსებობს ჩვენს მიერ. ბანკი სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას ბანკის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ის რაც მოგახსენეთ.
რადგანაც ეს ინფორმაცია იქნა გავრცელებული TBC ბანკის მიერ, ვფიქრობ ამ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილი, ისევ კომერციული ბანკისგან უნდა მოითხოვოთ,”- ამბობს კობა გვენეტაძე.
TBC ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, იმ საქმეზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, ეროვნულმა ბანკმა “თიბისი” 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. როგორც ცნობილია ამ ჯარიმის აღსრულება შეჩერებულია, ამჟამად სასამართლოში საქმის განხილვები მიმდინარეობს.

























