საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში 2018 წლის ანგარიშს წარადგენს. გვენეტაძემ მოხსენების ერთი ნაწილი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვას დაუთმო. სებ-ის კალკულაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ისტორიაში პირველად, დადებითი საგადასახდელო ბალანსი დაფიქსირდა. გვენეტაძემ ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ FDI-ის 35%-იანი კლება ძირითადად "ბრითიშ პეტროლიუმის მილსადენის" მშენებლობის დასრულებამ გამოიწვია.
კობა გვენეტაძე საგადასახდელო ბალანსსა და FDI-ის კლებაზე:
"2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული და ფულადი გზავნილების მატების კუთხით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7% პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი დადებითი იყო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე პოზიტიურად მოქმედებდა მომსახურებით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტული შემოსავლების დაახლოებით 500 მილიონი ამერიკული დოლარით ზრდა. ეს დაახლოებით 19%-ის ზრდაა. 2018 წლის განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაჯანსაღებული ეკონომიკური პირობების შედეგად გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ექსპორტის უფრო მეტად ზრდა გარკვეულწილად თურქეთის ეკონომიკაში არსებულმა სიძნელეებმა შეაფერხა, რის შედეგადაც წლის მეორე ნახევარში საქონლის ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდა. საბოლოოდ, წლიურად საქონლის ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა, ხოლო საქონლის იმპორტი 15.5%-ით გაიზარდა.
2018 წელს წინა წლების მსგავსად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ წმინდა უცხოური ინვესტიციები იყო. საქართველოში განხორციელებულმა წმინდა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.2 მილიარდი დოლარი, ანუ მშპ-ის 7.6% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლებია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება ძირითადად "ბრითიშ პეტროლიუმის" მილსადენის დასკვნითი ნაწილის დასრულებამ გამოიწვია",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























