სხვაობა რომ გითხრათ ჩემი და კობა გვენეტაძის მიდგომებს შორის - ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ,- ასე განმარტა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე განსხვავება მის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიდგომებს შორის, რომელიც საბანკო რეგულაციებს უკავშირდებოდა.
ვანო მაჭავარიანის თქმით, ახალ საბანკო რეგულაციებს ის ძირითად პრინციპებში ეთანხმება, თუმცა, ფიქრობს, რომ დამატებითი წნეხი და შეზღუდვები სამშენებლო სექტორისთვის საჭირო არ იყო.
„ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა ძირითად პრინციპებზე. გარკვეული უთანხომება შეიძლება იყოს და მე ამას გეტყვით პოპულარულ ენაზე. ვისაც თინეიჯერი შვილი გყავთ, მე მყავს შვილი...ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ... სხვაობა რომ გითხრათ ჩემი და კობა გვენეტაძის მიდგომებს შორის: ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორში შენელება რეგულაციებამდეც შეინიშნებოდა და ეს დაკავშირებული იყო გამკაცრებულ სამშენებლო რეგულაციებთან და ნებართვებთან.
„მეორე, რაც ანელებდა სამშენებლო სექტორს, ეს იყო უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვა 200 ათას ლარამდე. თუმცა, ესეც სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლარიზაციისთვის.
არ ვიყავი მომხრე იპოთეკასთან დაკავშირებული კიდევ მეტი რეგულაციის. ჩემი მოსაზრება იყო ჯერ ბაზრისთვის შეგვეხედა.
შეიძლება, ასევე უმნიშვნელო უთანხმოება იყოს შემოსავლების დადასტურების მექანიზმთან დაკავშირებით. მაგრამ ზუსტად ამაშია ამბავი, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და ის არის გაცილებით უფრო ფრთხილი“,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

























