საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ეკონომიკის მთავარ გამოწვევად მაღალ დოლარიზაციას ასახელებს. მისი თქმით, დოლარიზაციის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რასაც თვალსაჩინო შედეგები უკვე მოყვა.
“მთავარი გამოწვევა არის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი. საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ამ მიმართულებით. მე თავად არ ველოდი, რომ ასეთი შედეგი იქნებოდა. დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული სესხების დოლარიზაცია, ასევე დეპოზიტების დოლარიზაცია,”- ამბობს გვენეტაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებში ლარმა 43.14%-ს მიაღწია. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 34% იყო. დეპოზიტების ლარიზაცია კი 36%-ს შეადგენს, რაც ორი წლის წინ 29%-ს შეადგენდა.
ლარიზაციის პოლიტიკის ე.წ. “დედოლარიზაციის” პოლიტიკის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რიგი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის შეამცირა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ლარში და გაზარდა უცხოური ვალუტისთვის. დააწესა, რომ უცხოურ ვალუტაში კრედიტის ასაღებად სესხის მოცულობა 100,000 ლარს უნდა აჭარბებდეს. მიიღო ცვლილებები ლარში ფასდადების სავალდებულოობის შესახებ და სხვა.

























