მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე ინფლაციაზე: უცნობი იყო რა ეფექტი ექნებოდა ტურისტულ სანქციებს

5dd7adbead56c
შოთა ტყეშელაშვილი
22.11.19 13:55
1252
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ სებ-ს გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხო ნაბიჯების გადადგმა არ დაუგვიანია. გვენეტაძის განცხადებით, წინასწარ უცნობი იყო თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნებოდა 2019 წლის ზაფხულში საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ ავიასანქციებს, რომელთან ერთადაც, არსებობდა საშიშროება, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოც დაედო. გვენეტაძის თქმით, აღნიშნული ფაქტორები ქვეყანაში მთლიანი მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევდა, რასაც თავის მხრივ კურსის გაუფასურებით გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების დაბალანსება შეეძლო.

“ინფლაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა სცენარით შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები. რთული იყო ამ ყველაფრის პროგნოზირება. მაგალითად, რამდენი იქნებოდა დანაკლისი ტურისტული სექტორიდან, ასევე უცნობი იყო რა წნეხი ექნებოდა მას გაცვლით კურსზე. ამავე დროს უცნობი იყო რა დაემართებოდა მოთხოვნას, მთლიან მოთხოვნას ქვეყანაში. იმის გამო, რომ მაგალითად ყოფილიყო ემბარგო, ექსპორტი შემცირებულიყო. აქ ორი ფაქტორი იყო, ერთი, რომელიც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებისკენ უბიძგებდა და მეორე, რომელიც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე აღმავალ წნეხს იქონიებდა. მათ შეიძლებოდა ერთმანეთი დაებალანსებინათ. როგორც მომავალში დავინახეთ, ზრდაზე ეს არ აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა გაცვლითი კურსიდან გადაცემა მოხდა ინფლაციაზე.

ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის პრესრელიზში ძალიან მკაფიოდ ჩავწერეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებიდან წამოსული დაწოლა ინფლაციაზე გაიზრდება, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. შესაბამისად, ჩვენ ამას ვუშვებდით და განვაცხადეთ კიდევაც, რომ ამას გავაკეთებდით. იმ წუთში ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც არსებობდა არ მიუთითებდა, რომ ეს იყო საჭირო. როგორც კი დავინახეთ, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე საქმიანი დილის ეთერში:



ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა. ამასთანავე, მან ეროვნულ ბანკს "რეალობასთან დაბრუნებისკენ" მოუწოდა.

ამ კრიტიკასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მათ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს მას შემდეგ, რაც ბაზარზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები გამოჩნდა.

სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. 

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები