ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იპოთეკური სესხების გაცემის პირობები ძალიან გაუარესდა.
ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„იპოთეკის გაცემის პირობები ძალიან, ძალიან გაუარესდა. ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ე.წ. ბაზრის წილის დევნა ხდებოდა, რაც არ არის კარგი და საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად გამოიწვევდა დეფოლტს. იპოთეკურ სესხებს ეს მახასიათებელი ზოგადად აქვს, რომ თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ შემდეგ დიდი შანსია იმის, რომ დეფოლტი განიცადოს. თუ დოლარის იპოთეკებზე ვსაუბრობთ ეს საერთოდ სხვა განზომილებააშია“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, წლიურ ჭრილში იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდა 31%-მდეა.
ამასთან, კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, დოლარიზაცია არის პრობლემა და ყველაფერს გააკეთებს მისი შემცირებისთვის.
„საქართველოზე ნებისმიერი იმ ინსტიტუტის გამოკვლევა წაიკითხეთ, რომლსაც ჭკუა მოეკითხება. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე რისკები. ამიტომ, პირდაპირი მიმართულებაა ის, რომ დოლარიზაცია შემცირდეს. ამაზე ბევრი გვიკამათია და ალბათ იმაზე ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით. ვფიქრობ, რომ დოლარიზაციის შემცირება აბსოლუტურად აუცილებელია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდეს,“ - განმარტა გვენეტაძემ.

























