ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის გაუფასურების ფაქტორებზე დეტალურად ისაუბრა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სებ–ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, თუმცა საგადამხდელო ბალანსი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ამიტომ ამ მხრივ სრული სურათის დანახვა შეუძლებელია.
"მსხვილი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს და დოლარის ინდექსს ამ წლის განმავლობაში თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია, ამავე დროს თურქული ლირას გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა, მაგრამ რადგან მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შესაძლოა ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი, თუ ბოლო სამი წლის სტატისტიკას გადახედავთ, რამდენიმეა და თვალშისაცემია. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ, რა ხდება რეზერვების მიმართულებით.
მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა მინიმალურ ადეკვატურ დონეს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის ისე, როგორც ეს ადრე იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რეზერვები გაიზარდოს. ამ ეტაპზე რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა არ დგას, მაგრამ ზრდის პროცესს გავაგრძელებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

























