ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება კომერციულ ბანკებში ანაბრების მოზიდვას შეუწყობს ხელს. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სისტემა მცირე ოდენობის დეპოზიტებზე იქნება მიმართული.
"ვფიქრობ, რომ მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის. ეს ინიციტივა, თუკი ხორცშესხმული იქნა, ძირითადად ფოკუსირებული იქნება შედარებით მცირე რაოდენობის დეპოზიტების დაზღვევაზე. ამან ხელი უნდა შეუწყოს კომერციულ ბანკებში მეტი დეპოზიტის შესვლას“, - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში.
დაზღვევის სისტემის ამოქმედება 2018 წლიდან იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ უკვე შეიმუშავა.

























