საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "თიბისი ბანკის" საქმეზე ისაუბრა, რომელიც 2007–2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. ამ ტრანზაქციის გამო, სებ–მა "თიბისი ბანკი" დააჯარიმა, პროკურატურაში კი ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.
დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვენეტაძეს ჰკითხა, როგორ აფასებს ამ საქმეს და ხედავს თუ არა ფულის გათეთრების ნიშნებს.
"მინდა გავიმეორო ამასთან დაკავშირბეით, რომ ის საკითხი, რომელიც შევისწალეთ, ეს იყო ინტერესთა კონფლიქტის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი – საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც „თიბისი ბანკს“ არ აქვს ეროვნულ ბანკთან არანაირი დავა. ყველანაირი დავა "თიბისი ბანკის" მხრიდან ამ საკითხზე შეწყვეტილია.
ამავე დროს, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ფულის გათეთრების ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც მუშაობს ეროვნული ბანკი და ასეც უნდა იყოს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სებ–ის ფუნქცია ამ შემთხვევაში შემოიფარგლება ფულის გათეთრების აღკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ უნდა შევამოწმოთ და დავაიდენტიფიციროთ, რამდენად ხდება კანონმდებლობის დაცვაჩვენი ზედამხედველობის სუბიქტების მიერ, მაგრამ ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი, ანუ მას არ აქვს მანდატი და ექსპერტიზა იმისათვის, რომ გადაწყვიტოს და განსაზღვროს, გათეთრდა თუ არა ფული. ეს სხვა ორგანოების (კომპეტენციაა)“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ "დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა, მაგრამ შესაძლებელია, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით".
"ამიტომ ჩვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა", – აღნიშნა გვენეტაძემ.
ამ პასუხის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სებ–ის პრეზიდენტს დამატებითი კითხვით მიმართა, როგორ შეიძლება, რომ ფულის გათეთრების კანონი დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს, ან პირიქით.
"ფულის გათეთრების დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია, არ არის ადვილი, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება არ იყოს ფულის გათეთრება. ფული გათეთრდა თუ არა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს", – განაცხადა სებ–ის პრეზიდენტმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

























