„კარგი იქნებოდა, მამუკა ხაზარაძე გვენახა იმ საპროტესტო აქციებზე, სადაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და მე რატომღაც არ გამიგია მისგან მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების მიმართ”, - ასე შეაფასა დეპუტატმა და ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსება.
მისი თქმით, ის ხაზარაძეს დიდი ხანია იცნობს, თუმცა იქამდე ვიდრე საზოგადოებრივ მოძრაობაზე დეტალები არ გახდება ცნობილი, შეფასება რთული იქნება.
“მე დიდი ხანია ვიცნობ მამუკას, გარკვეულწილად მეგობრებიც ვართ. უბრალოდ, გამიკვირდა იქ (იგულისხმება რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია) რომ ვერ დავინახე. სხვა დანარჩენზე ვერ გეტყვით, რადგან დეტალები არაა ცნობილი; იმედია, ის ნათელ მხარეს დადგება. ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ თქვენგან გავიგე პირველად, მაგრამ კარგი იქნებოდა, მამუკა ხაზარაძე გვენახა იმ საპროტექსტო აქციებზე, სადაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და მე რატომღაც არ გამიგია მისგან რაღაცნაირი მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების მიმართ”, - აცხადებს კობა ნაყოფია.
ცნობისთვის: 20 ივნისს მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "არა ოკუპაციას!!! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!"
შეგახსენებთ: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.
ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, "ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა".
მისი განცხადებითვე, მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს.
“ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი”, - წერს ხაზარაძე.

























